ახალი ამბები
მინისტრი: რუხის კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მრავალპროფილური კლინიკის მშენებლობა დაახლოებით ერთ თვეში დასრულდება. მისივე ინფორმაციით, ობიექტი აღჭურვისა და ექსპლუატაციისთვის, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაეცემა.

„საპროექტო დოკუმენტაციაში და მშენებლობის პროცესშიც იყო პრობლემები, მაგრამ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მალე ობიექტი იმ მდგომარეობაში იქნება, რომ შევძლებთ ჯანდაცვის სამინისტროს გადავცეთ. ეს კლინიკა სულ ერთ კილომეტრშია აფხაზეთთან და მჯერა, რომ ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა აფხაზი დებისა და ძმებისთვის, რათა ისარგებლონ ყველა იმ სერვისით, რასაც ჩვენი მთავრობა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ოფიციალური ცნობით, საუნივერსიტეტო საავადმყოფო 220 ადგილზეა გათვლილი. პარალელურად, სამედიცინო პროფილის სტუდენტებისა და რეზიდენტებისთვის კლინიკის ტერიტორიაზე აუდიტორიები და ბიბლიოთეკა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, აუზები და სკვერები მოეწყობა.

ამავე თემაზე:
რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა მიმდინარე წლის ბოლოს გაიხსნება (ვიდეო)
Print