ახალი ამბები
მოქალაქე თენგიზ ჯგუშიას: აგირჩიეთ და შევარდნაძეს დაუჭირეთ მხარი (ვიდეო)
ზუგდიდის მერობის კანდიდატს თენგიზ ჯგუშიას მოქალაქე ავთო ქორთუამ უთხრა, რომ მას 1999 წელს ხმა მისცა, თუმცა ჯგუშიამ მთავრობასთან კოალიცია არჩია და „მოქალაქეთა კავშირში“ გადავიდა.

„მაშინ უნდა მოეთხოვათ თქვენთვის პასუხი, მაშინ იყავი დასაჭერი. მე ვარ ზუგდიდელი, ვიბრძოლე ამისთვის, მე არ ვიცი, თქვენ გულში რა გქონდათ, მაგრამ პირველივე სესიაზე შევარდნაძის გვერდით აღმოჩნდით“, - უთხრა ქორთუამ ჯგუშიას.

აღნიშნულმა რეპლიკამ ჯგუშიას მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია, თუმცა, სიტუაცია მალევე განიმუხტა.

„ასე რომ არ მოვქცეულიყავი, ნული დეპუტატი ვიქნებოდი. მე მოვატყუე შევარდნაძე. საბუთებით შემიძლია დაგიმტკიცოთ, რომ ასე არ იყო და რამდენიმე რამის გაკეთება მოვახერხეთ მაშინ, 100-ზე მეტი ადამიანი გადავარჩინე“, - ასე უპასუხა მოქალაქეს ჯგუშიამ.

საბოლოოდ, ჯგუშიამ ქორთუას დაკავშირება და სიტუაციის გარკვევა შესთავაზა. მცირე ინციდენტი ზუგდიდის მერიის წინ მაშინ მოხდა, როდესაც, ბიზნესმენი მანანა მიქავა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვდა და ადგილზე მის მხარდასაჭერად თენგო ჯგუშია მივიდა.




Print