ახალი ამბები
მანანა მიქავა: ზუგდიდის მერია 4 მილიონამდე ლარის გადახდას უკანონოდ მთხოვს (ვიდეო)
ზუგდიდელი ბიზნესმენი მანანა მიქავა ამბობს, რომ ზუგდიდის მერიამ პროკურატურაში მისი 3 მილიონ 700 ათასი ლარით დაჯარიმების თაობაზე სარჩელი შეიტანა.  ამის შესახებ მან დღეს მერიის წინ გამართულ აქციაზე თქვა და დასძინა, რომ სადავო ტერიტორიის დაბრუნებასა და საქმიანობის უფლებას ითხოვს. როგორც მიქავა განმარტავს, მის წინააღმდეგ აღნიშნული მოთხოვნა მერიამ ერთხელ უკვე დააყენა, თუმცა, მოგვიანებით, სარჩელი უკან გამოითხოვა.

„მე ვფიქრობ, რომ ცდილობენ ჩემი ქონების მითვისებას. უკანონოდ უნდათ ჩემთვის ჯარიმის გამოწერა მაშინ, როდესაც მათ არ მომცეს საშუალება ვალდებულებები შემესრულებინა. მერიას მიწასთან დაკავშირებით ხელახლა უნდა გამოექცა ინდივიდუალური აქტი, თუმცა ეს არ გააკეთეს. ჩემ მიერ წარდგენილ პროექტებსაც არ განიხილავენ. მომცენ ნებართვა და ვალდებულებებსაც შევასრულებ“, - აღნიშნა მიქავამ.

ის მერის მოვალეობის შემსრულებელთან მაიზერ ნანავასთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მას უთხრეს, რომ ნანავა ადგილზე არ იმყოფებოდა.

მიქავას მხარდაჭერა გამოუცხადა ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა და „სამეგრელოს ხმის“ ლიდერმა თენგიზ ჯგუშიამ.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ კანონის შესაბამისად მოქმედებენ.

"ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 2015 წლის 13 ივლისს დააკმაყოფილა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა შპს „აკვაპარკთან“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე შპს "აკვაპარკის " მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. სწორედ მათი შეუსრულებლობა ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს 3 მილიონ 730 ათასი ლარის ოდენობით, რასთან დაკავშირებითაც მერიამ სარჩელი რაიონულ სასამართლოში შეიტანა და საქმე ახლაც მიმდინარეობს", - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.


საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება.

ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელთან დაკავშირებითაც ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.

ამავე თემაზე:

ბიზნესმენი ზუგდიდის მერს სიცრუეში ადანაშაულებს (ვიდეო)





Print