ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი მარტვილში მეუფე პეტრეს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჭყონდიდის ეპარქიაში მეუფე პეტრეს შეხვდა. ამის შესახებ მეუფემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ ისაუბრა. მისი ინფორმაციით, მეუფეს შეატყობინეს, რომ ივანიშვილს ჭყონდიდის ტაძრის მოლოცვა სურდა და მარტვილში სოფელ ძველი ხიბულადან ჩავიდა.

“მითხრეს, რომ ბატონ ბიძინას სურდა მოელოცა ჭყონდიდის ტაძარი. სტუმარი არის ღვთისგან და ვალდებულები ვართ, მივიღოთ”, – აღნიშნა მიტროპოლიტმა პეტრემ.

რაც შეეხება შეხვედრის შინაარს, მეუფემ გადაცემაში თქვა, რომ მათ ზვიად გამსახურდიასა და მისი სიკვდილის გამოძიებაზე ისაუბრეს.

ბიძინა ივანიშვილი სოფელ ძველ ხიბულაში 29 მარტს ჩავიდა, ზუგდიდში კი 30 მარტს იმყოფებოდა. მისი ვიზიტის შესახებ მედია დაუწყებული არ ყოფილა. ვიდეოები კი ივანიშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

იმას, რომ ბიძინა ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტი, შესაძლოა, წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირდებოდეს, კატეგორიულად უარყოფენ მმართველ გუნდში. ზვიად გამსახურდიას იუბილეზე ზუგდიდში ჩამოსულმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ ივანიშვილს სამეგრელოსთვის ბევრი კარგი გაუკეთებია და მომავალშიც იმავეს აპირებს. არჩევნებს არ უკავშირებს ეკლესიის აშენებაში დახმარებასა და თანხის გამოყოფას მეუფე გერასიმე და ამბობს, რომ შემოწირულობის გაღება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.

ამავე თემაზე:

"სამართლიანი არჩევნებისა" და საია-ს შეფასება ივანიშვილის სამეგრელოში ვიზიტზე

Print