ახალი ამბები
ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა ირაკლი კვარაცხელიას ოკუპირებულ გალში გარდაცვალების საქმე იყო
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 47-ე რაუნდზე განსაკუთრებული აქცენტი ირაკლი კვარაცხელიას უკანონო დაკავებასა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზაზე მის გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალებასთან დაკავშირებით გაკეთდა. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კვლავ მწვავედ დაისვა დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა. ამასთანავე, თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს ირაკლი კვარაცხელიას რუსეთის სამხედრო ბაზაზე ტყვეობაში გარდაცვალების გამო. ქართველმა მონაწილეებმა მოითხოვეს დეტალური ინფორმაციის გაზიარება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ობიექტური გარემოებების დადგენის მიზნით.

„ამ ფონზე ხაზი გაესვა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) დაუყოვნებლივ, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, აღდგენის აუცილებლობას. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს ერგნეთის იპრმ-ის აღდგენის ფაქტი და ხაზი გაუსვეს აღნიშნული მექანიზმების გამართულად და ეფექტიანად ფუნქციონირების საჭიროებას“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ცნობაში.

გარდა ამისა, საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დააყენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემები. მათ ვრცლად ისაუბრეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პროცესის მძიმე შედეგებზე. აღინიშნა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების გამალებული მილიტარიზაცია და მუდმივი სამხედრო წვრთნები ახდენს ვითარების დესტაბილიზაციას არამარტო საქართველოში, არამედ მთელს რეგიონში. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა რუსეთის უსაფრთხოების სამსახურების მიერ ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებებისა და გატაცებების პრაქტიკაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გაგრძელებაზე, რასაც თან ახლავს ადგილობრივი მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა საკუთარ მიწის ნაკვეთებზე და იწვევს ადგილზე დაძაბულობის სერიოზულ ესკალაციას.

თანათავმჯდომარეებმა, მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში იანვარ-თებერვალში საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებზე. მონაწილეებმა საქართველოდან დააყენეს თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის, ეთნიკური დისკრიმინაციისა და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების უხეშად დარღვევის საკითხები. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გალისა და ახალგორის ქართველი მოსახლეობის მძიმე უფლებრივ მდგომარეობას და ეთნიკური ნიშნით შევიწროებას. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე რუსიფიკაციის აქტიურ პოლიტიკას, რაც ადგილობრივი მოსახლეობის იდენტობაზე მიზანმიმართულ შეტევას წარმოადგენს. განხილულ იქნა აგრეთვე ეკოლოგიური პრობლემები, კერძოდ, სხვადასხვა მავნე მწერების გავრცელება, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს თხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურებს და უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პირობებზე.

მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება 2019 წლის 2-3 ივლისს.



Print