ახალი ამბები
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელის პოსტი ვაკანტურია
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც უკვე ყოფილ ხელმძღვანელს პაატა ლაგვილავასა და თანამშრომელს მერი შენგელაიას ხელშეკრულების ვადა ამოეწურათ. ორივე მათგანი ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებისთვის „ქართული ოცნების“ პრესსამსახურში იმუშავებს.

„პირველი აპრილიდან ვხელმძღვანელობ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის პრესსამსახურს. რაც შეეხება გუბერნატორის პრესსამსახურობის საკითხს, გამოცხადებულ ვაკანსიაზე შევიტანე განცხადება და კონკურსში ვიღებ მონაწილეობას“ - უთხრა რადიო „ათინათს“ ლაგვილავამ.

როგორც სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსმა ლევან წულაიამ განმარტა, ამ ეტაპზე აღნიშნული პოსტები ვაკანტურია, თუმცა, შესაძლოა, კონკურსის დასრულებამდე ხელშეკრულებით სხვა აიყვანონ.

„ჯერჯერობით, ვფიქრობთ იმაზე, რომ ავიყვანოთ ხელშეკრულებით სხვა პირი, ვინც უხელმძღვანელებს გუბერნატორის პრესსამსახურს. ასევე, შესაძლოა. სხვასაც დავაკისროთ ამ მოვალეობის შესრულება დროებით. ჯერჯერობით, შერჩევის ეტაპი მიმდინარეობს, რასაც ვადა სამი თვე აქვს“, - უთხრა წულაიამ რადიო „ათინათს“.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ხელმძღვანელად პაატა ლაგვილავა მიმდინარე წლის თებერვალში დაინიშნა.

მანამდე ამ თანამდებობას ლიკა ქვარცხავა იკავებდა.




Print