რეგიონი
ოჩამჩირელ ექიმზე თავდასხმაში მისივე შვილია ეჭვმიტანილი
ოჩამჩირეში სამართალდამცავებმა კვიტოულში მომხდარი აფეთქების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი დააკავეს. „აფხაზია ინფორმის“ ცნობით, გულრიფშის რაიონის დაბა აგუძერაში დაკავებულია აფეთქების შედეგად დაზარალებულის ვაჟი, 1994 წელს დაბადებული დაურ ვოუბა.

გამოცემის ცნობით, მან უკვე მისცა აღიარებითი ჩვენება. ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ვოუბა დაკავების მომენტში ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონის“ ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

ოჩამჩირის რაიონული საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე ნადეჟდა ვოუბა მისი სახლის ეზოში დაუდგენელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად მძიმედ დაიჭრა. შემთხვევა 2 აპრილს, დილის საათებში მოხდა, როდესაც ქალი საკუთარი ავტომობილით ეზოდან გადიოდა. დაშავებულს გულრიფშის საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და საჭირო გახდა მარჯვენა ქვედა კიდურის ამპუტაცია. მედიკოსების ცნობით, ვოუბას მრავლობითი ნაფლეთი ჭრილობები აღენიშნებოდა. მოგვიანებით პაციენტი სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ოჩამჩირის პროკურატურამ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა.

ამავე თემაზე: აფხაზეთის მთავრობა მზადაა ოჩამჩირეში დაჭრილ ექიმს სამედიცინო დახმარება გაუწიოს
Print