რეგიონი
არქიტექტორი: ხიბულაში სახლს იმ სახით აღადგენენ, როგორც გამსახურდიას იქ ყოფნისას იყო
ხობის რაიონის სოფელ ძველ ხიბულაში უკვე დაიწყო იმ სახლის რეაბილიტაცია, სადაც ზვიად გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. რადიო „ათინათი“ არქიტექტორ-რესტავრატორ რევაზ შაშვიაშვილს ესაუბრა, რომელიც ნაგებობის აღდგენისა და სრული რეაბილიტაციის, ასევე, ეზოს კეთილმოწყობის კონცეფციის ავტორია.

მისი თქმით, ძველ ხიბულაში სახლი, სადაც 1993 წლის დასასრულს გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, ზუსტად იმ სახით რეკონსტრუირდება, როგორც იმ პერიოდში იყო.

„მთავარი არის ის, რომ ზუსტად იმ პერიოდის მიხედვით აღდგება და იქნება ისეთი, როგორიც მაშინ, როცა ზვიადი იყო იმ სახლში. ორივე სართულს გავაკეთებთ ისე, როგორც მაშინ იყო, ავეჯსაც ისევე დავალაგებთ. რაც შეეხება ეზოს, ისე მოეწყობა, რომ ტურისტების მისაღებად იყოს მზად“, - აღნიშნა პროექტის ავტორმა.

შაშვიაშვილი ყვება, რომ პროექტი გუნდთან ერთად სხვადასხვა საარქივო მასალისა და გადმოცემების მიხედვით შეადგინა.

„ძირითადად, დავეყრდენით საარქივო მასალებს. ძველ ფოტოებს, რაც იმ სახლში მცხოვრებლების გადაღებულია. მეზობლებიც მოგვიყვნენ, მაგალითად, სად რა ტიხარი იყო და ასე შემდეგ“, - გვითხრა შაშვიაშვილმა.

სახლს, სადაც გამსახურდიამ სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2018 წლის აგვისტოში მიენიჭა. აქ მუზეუმი უნდა მოეწყოს, რომელიც, როგორც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, ქვეყნის ისტორიის ტრაგიკული ნაწილის ამსახველი გახდება.

სახლის რეაბილიტაციისთვის თანხა ფონდმა „ქართუმ“ გამოყო.

Print