ახალი ამბები
დაკავებული საქართველოს მოქალაქის მამა შვილის მიერ ე.წ. საზღვრის გადაკვეთას გამორიცხავს
შამგონაში, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით რუსი სამხედროების მიერ დაკავებული გელა როსტობაიას მამა ამბობს, რომ მისი შვილი ამჟამად ოკუპირებული გალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მისი ინფორმაციით, როსტობაია სათევზაოდ გავიდა. მოგვიანებით კი ოჯახს მისი დაკავების შესახებ შეატყობინეს.

იანურ როსტობაია დაკავებულის მიერ საზღვრის გადაკვეთის ვერსიას გამორიცხავს. მისი თქმით, ისინი მდინარესთან ახლოს ცხოვრობენ და სათევზაოდ არაერთხელ წასულან, თუმცა გაღმა ნაპირზე არასოდეს გადასულან.

"ჩვენ საზღვართან ახლოს ვცხოვრობთ და არ გვესწავლება აქაური სიტუაცია. არასოდეს გადასულა გაღმა ნაპირზე. აქეთ გადმოსვლა მათ არ გაუჭირდებოდათ და არც ის იქნება გასაკვირი, იარაღიანი კაცი რომ დაგადგება, შენი ფეხით გადახვალ იქით. მდინარის დონე დაბალია და ჩექმებითაც შეიძლება გადასვლა. მხოლოდ ის ვიცი, რომ გალშია, მაგრამ როდის გამოუშვებენ, არ ვიცი. ასეთ შემთხვევაში ჯარიმით ან რამდენიმე თვიანი პატიმრობის შემდეგ ათავისუფლებენ ხოლმე“, - უთხრა რადიო „ათინათს“ როსტობაიამ.

როსტობაიების ოჯახში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

Print