ახალი ამბები
კალაძე: ეს იქნება რეგიონის და ქალაქის გამარჯვება
ზუგდიდში მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას წარდგენაზე შეკრებილ მოქალაქეებს "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მიმართა.

"ძალიან მიხარია, რომ დღეს ვიმყოფები თქვენთან ერთად, სამეგრელოს ამ ულამაზეს ქალაქში, ზუგდიდში. მე ამ რეგიონთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, ნახევრად მეგრელი ვარ, რადგან დედა მეგრელი მყავს. 

როგორც იცით, მოახლოვდა შუალედური არჩევნები და პარტიამ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" კანდიდატად წარადგინა ზუგდიდში დაბადებული და გაზრდილი ადამიანი გიორგი შენგელია, რომელიც უსაზღვროდაა შეყვარებული თავის ქალაქზე. მინდა, წარმატებები ვუსურვო გეგას, რომელიც უპატიოსნესი ადამიანია და ჰყავს ძალიან ლამაზი ოჯახი. როგორც დედაქალაქის მერმა, მინდა, მას ერთი რჩევა მივცე: პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოს ზუგდიდელების აზრი. ასე შეიძლება მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ზუგდიდს აწუხებს. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ შევძლებთ კონსოლიდაციას და გავაერთიანებთ სრულიად სამეგრელოს, მთელ ზუგდიდს, რათა მივაღწიოთ გამარჯვებას და ეს არ იქნება პარტია "ქართული ოცნების" ან გეგა შენგელიას გამარჯვება. ეს იქნება ამ რეგიონის და ქალაქის გამარჯვება. მინდა, მოგიწოდოთ ყველას, დავდგეთ ერთად და ვიზრუნოთ რეგიონზე, ზუგდიდზე. მე დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ სულისკვეთებით აუცილებლად გავიმარჯვებთ.", - თქვა კალაძემ. 

ნიკოსეული სასახლის მიმდებარედ მმართველი პარტიის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას ოფიციალური წარდგენა ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ამავე თემაზე:
მამუკა ბახტაძე : ერთადერთი სწორი არჩევანია „ქართული ოცნება“ და გეგა შენგელია

Print