ახალი ამბები
მარტში სამეგრელო-ზემო სვანეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 30-მდე ფაქტი გამოვლინდა
მარტში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 375 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 116 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 29, იმერეთში - 50, გურიაში - 10, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 12, აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 16, მცხეთა-მთიანეთში - 4, შიდა ქართლში - 36, ქვემო ქართლის მასშტაბით - 48, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე კი - 49 ფაქტი დაფიქსირდა.

თბილისში ასეთი 5 ფაქტი გამოავლინეს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1135,55 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 70 ფაქტი დაფიქსირდა. ამოღებულია 24 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.


Print