ახალი ამბები
მადლობა თავისუფლებისთვის - ზუგდიდში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს (ფოტო, ვიდეო)
ზუგდიდში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის აღსაზრდელებმა მემორიალთან სიმღერები შეასრულეს, ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ კი დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

ადგილზე იმყოფებოდა მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი გეგა შენგელიაც. მან დაღუპულ გმირებს თავისუფლებისა და საქართველოს ერთიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„9 აპრილი არის უმძიმესი დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში, როცა დაიწყო საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა. ქართველმა ერმა მოიპოვა თავისუფლება რომელიც ძალიან ძვირფასია ჩვენთვის. მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი ღირსეული წინაპრების და იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც ამ დღეს თავი გაწირეს საქართველოს ერთიანობისთვის, მადლობა თავისუფლებისთვის“, - თქვა მან.

საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, 9 აპრილი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენაა, რომელიც მომავალ თაობებს გადაეცემა.

„ეროვნული ცნობიერების კულმინაციის დღე დღეს, დღე როდესაც გმირულად დაცემულმა ჩვენმა თანამემამულეებმა მოგვიტანეს ნანატრი თავისუფლება, რომელიც საფუძვლად დაედო 1991 წლის ჯერ საერთო სახალხო რეფერენდუმს, ხოლო შემდეგ ამავე წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აქტს, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას . 9 აპრილი დარჩება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როგორც სიმბოლო ერთად დგომის, მამაცობის, თავგანწირვის და ეროვნული პატრიოტების სულისკვეთების. ჩვენ ქედს ვიხრით დაღუპულ მამულიშვილთა ხსოვნის წინაშე, მათი სახელები არ იქნება დავიწყებული მომავალი თაობების მიერ“, - აღნიშნა მამუკა წოწერიამ.

ღონისძიების მონაწილეებმა ზვიად გამსახურდიას ძეგლთანაც გადაინაცვლეს და ყვავილებით შეამკეს. მემორიალის წინ საღებავებით გაკეთდა წარწერა „მადლობა თავისუფლებისთვის“.

„ყველა განსაკუთრებული სიამაყით და სიყვარულით აღნიშნავს 9 აპრილს. ეს დღე ჩვენ კიდევ ერთხელ გვახსენებს გმირებს, იმ ადამიანებს ვინც იბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, ეროვნული სულის აღორძინებისთვის. ამიტომაც უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით კი ჩვენს მომავალ თაობებს უნდა გავახსენოთ ჩვენი გმირული წარსულის ისტორია, რომ გვყავს ბევრი თავდადებული გმირი რომელთა ხსოვნას დღეს პატივს მივაგებთ“, - უთხრა ჟურნალისტებს ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ.

1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მომხდარი ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა.
Print