ახალი ამბები
მორიგი დატირება ენგურის გამოღმა ნაპირიდან (ვიდეო)
ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ ოტობაიაში გარდაცვლილი მამაკაცი ჯ.თ. ახლობლების ნაწილმა ზუგდიდის სოფელ ორსანტიიდან დაიტირა, თუმცა ამჯერად სოფლების დამაკავშირებელ ხიდთან, ე.წ. საზღვართან ცხედარი არ გააჩერეს.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, ბოლო პერიოდში ხიდზე მიცვალებულის დასვენების უფლებას რუსი სამხედროები  ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს აღარ აძლევენ.

„რუსები რაც დადგნენ ე.წ. საზღვართან, მას შემდეგ გაჭირდა ძალიან, აფხაზები რომ იყვნენ, გადავდიოდით კიდეც. შვიდი წელია, არ ვყოფილვარ სახლში. ჩემი ბიძაშვილია, გვერდიგვერდ ვცხოვრობდით ოტობაიაში და ვერ ვემშვიდობები“, - გვითხრა გარდაცვლილის ბიძაშვილმა, რომლის სახლიც გამოღმა ნაპირიდან ჩანს.

ახლობლები სახლიდან მიცვალებულის გამოსვენებას რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ. მათი ნაწილი მიცვალებულის შორიდან დასატირებლად ქუთაისიდან ჩამოვიდა.


ფოტო: რადიო "ათინათი"

Print