ახალი ამბები
Airbnb სოხუმიდან და ცხინვალიდან რეგისტრირებულ განცხადებებს საკუთარი ვებ გვერდიდან არ წაშლის
უძრავი ქონების გაქირავების სერვისმა Airbnb შეცვალა გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ოფიციალური ვებ გვერდიდან არ წაშლის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რეგისტრირებულ განცხადებებს.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად, ეს ცვლილება შეეხება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსაც.

Airbnb-ის განცხადებით, ნებისმიერი შემოსავალი, რომელსაც კომპანია ამ ტერიტორიებზე საქმიანობის შედეგად მიიღებს, გადაერიცხება ჰუმანიტარული დანიშნულების არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც ემსახურებიან ადამიანებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში.

Airbnb-ის განცხადებით, თუ კომპანია აღმოაჩენს, რომ მისი საქმიანობა სხვა სადავო ტერიტორიებსა და კონფლიქტის ზონებსაც ეხება, ის ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქმიანობიდან შესულ თანხას ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გადაურიცხავს.

2019 წლის 19 იანვარს Airbnb-მა გადაწყვიტა, რომ ოფიციალური საიტიდან წაეშალა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - აფხაზეთიდან და ცხინვალიდან რეგისტრირებული განცხადებები. კომპანიამ მაშინ განაცხადა, რომ მათ შეიმუშავეს სადავო ტერიტორიებზე არსებული შეთავაზებების სტრუქტურა.

„სადავო ტერიტორიებთან მიმართებით კომპანიის გლობალური ჩარჩოს გათვალისწინებით, Airbnb წუხილს გამოთქვამს, რადგან უძრავი ქონება ანუ სახლები არის დავის მთავარი საგანი „სამხრეთ ოსეთსა“ და აფზახეთში, ხოლო ჩვენს ვებგვერდზე მათი განთავსებით შესაძლოა, დაძაბულობის ესკალაცია მოხდეს. Airbnb-იმ დაადგინა, რომ ამ ტერიტორიებზე მდებარე სახლების ვებგვერდზე დატოვება რეგიონში კიდევ უფრო ფართო კონფლიქტთან არის დაკავშირებული“, – ეწერა Airbnb-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


Print