რეგიონი
მანუჩარ ჩხეტია სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 11 აპრილს დაკავებული  "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი მანუჩარ ჩხეტია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება გადაიდო. მოსამართლის მანუჩარ ცაცუას განმარტებით, სასამართლომ ის ოქმები უნდა გამოიკვლიოს, რომელთა განხილვაც ვერ მოესწრო. სარეზოლუციო ნაწილი 19 აპრილს გამოცხადდება. ოქმის შემდგენი გამომძიებელი ნიკა ნინუა დაკავებულის დაჯარიმებას ითხოვდა. ჩხეტია თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და ის გამამრათლებელ გადაწყვეტილებას ელოდება.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა განიხილეს საქმეში არსებული ფოტო-ვიდეო და სხვა მასალები.

როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შემდგენელი ინსპექტორ-გამომძიებელი ნიკა ნინუა ამტკიცებდა, ჩხეტიამ დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და შეურცხყოფა მიაყენა ზუგდიდის პოლიციის უფროსს და სამართალდამცავებს. მას მოსამართლემ ჰკითხა, სამკერდე კამერით ან ტელეფონით იღებდა თუ არა ფაქტს, რაზეც ნინუამ აღნიშნა, რომ ამის შესაძლებლობა არ მიეცა. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, ბრალდებულის ადვოკატი არ დაეთანხმა ოქმში ასახულ ბრალდებას. ადვოკატი მირანდა გოგოხია ჩხეტიას მიერ გინების და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ფაქტების ამსახველ მტკიცებულებებს ითხოვდა.

სხდომას გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები, ლიდერები და დაკავებულის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია გუშინ ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა. სამმართველოს შენობა წუხელვე დატოვეს წითლიძემ და პატარაიამ, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს მანუჩარ ჩხეტია. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჩხეტია ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას პროვოკაცია პოლიციის უფროსმა მოუწყო.


ამავე თემაზე:

ზუგდიდის სასამართლოში ენმ-ის აქტივისტის პროცესი მიმდინარეობს
Print