ახალი ამბები
TI: სამეგრელო-ზემო სვანეთში მუნიციპალიტეტებმა ეპარქიებს დაფინანსებები გაუზარდეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებმა 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით, რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის ჯამში 1 434 627 ლარი დახარჯეს, ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია საუბარია. 2014-2016 წლებში მუნიციპალიტეტების მიერ გაცემული თანხის ჯამურმა ოდენობამ 1 267 604,3 ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტებმა წინა პერიოდის მსგავსად, 2017-2019 წლებშიც ფინანსური დახმარება მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას გაუწიეს.

„თუ 2017 წელს მუნიციპალიტეტების მიერ გაწეულმა ფინანსურმა დახმარებამ 466 862 ლარი შეადგინა, 2018 წელს გაცემული თანხის ოდენობა თითქმის გაორმაგდა და ჯამში მუნიციპალიტეტების მიერ ეკლესიისათვის 804 464 ლარი გაიცა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ორგანიზაციის ცნობით, ამავე პერიოდში სამეგრელო-ზემო სვანეთში ეკლესიას სახელმწიფოსგან ორი უძრავი ქონება გადაეცა: ჩხოროწყუში, სოფელი ხაბუმეში მდებარე 1886 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი) და ქალაქ სენაკში, სამხედრო დასახლებაში მდებარე 2663 კვ.მ. არასასოფლო‐სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული შენობა‐ნაგებობა. არასამთავრობოში ამბობენ, რომ ოფიციალური დოკუმენტებით, გაურკვეველია აღნიშნული ქონების გადაცემის საფუძველი და მიზანი.

„სენაკის მუნიციპალიტეტმა სენაკში, სოფელი ლეძაძამესა და ეკში მდებარე ორი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა გადასცა სახელმწიფოს შემდგომში საპატრიარქოსთვის გადასაცემად - ამ მიწის ნაკვეთებზე განთავსებული იყო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ეკლესია და მონასტერი. თუმცა ეს ქონებები სახელმწიფოს ეკლესიისათვის დღემდე არ გადაუცია“, - ამბობენ TI-ში.

კვლევის თანახმად, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებისათვის თანხა არ გაუცია მხოლოდ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს.

ყველაზე მეტი თანხა - 500 000 ლარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა დახარჯა, მან ეკლესიებისა და საკვირაო სკოლების მშენებლობა დააფინანსა, ასევე, ამავე პერიოდის განმავლობაში 50 000 ლარი გამოყო ვლაქერნობის ფარგლებში „საპატიო სტუმრებისათვის ტრაპეზის მოსაწყობად”. მესტიის მუნიციპალიტეტმა თანხა (439 958 ლარი) გამოყო ცალკეული ეკლესიებისა და მონასტრების, მათ შორის მესტიისა და ზემო სვანეთის საეპისკოპოსო რეზიდენციის მშენებლობისათვის, ხობის მუნიციპალიტეტმა 13 631 ლარი დახარჯა ხობის დედათა მონასტრის ელექტროენერგიის გადასახადის დასაფარად, ფოთის მერიამ ჯამში 237 537 ლარი დახარჯა, საიდანაც 94 719 ფოთის საკათედრო ტაძრის ელექტროენერგიის ხარჯებს მოხმარდა, 142 818 კი ამავე ტაძრის სარემონტო სამუშაოებს, აბაშის მუნიციპალიტეტმა 50 000 ლარით დააფინანსა საკვირაო-სამრევლო სკოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, მარტვილის მუნიციპალიტეტმა არ მოგვაწოდა დაზუსტებული ინფორმაცია, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები გაიმართა გამოყოფილი 77 500 ლარით“, - აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.



Print