პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია: ამომრჩევლები იმ სკოლის მისამართზე არიან რეგისტრირებულები, სადაც ახლა ეკლესიაა (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის მტკიცებით, ზუგდიდში, გამსახურდიას ქუჩაზე მშენებარე ტაძრის მისამართზე, სადაც რამდენიმე წლის წინ სკოლა იყო, ამომრჩევლები არიან რეგისტრირებულები. ამის შესახებ გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ ჟურნალისტებს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე უთხრა. მისი ინფორმაციით, ამავე ქუჩაზე  საარჩევნო უბანზე დამატებით 50 ადამიანი მისამართზე ყალბადაა რეგისტრირებული. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სწორედ ამგვარი ხერხებით ცდილობს „ქართული ოცნება“ არჩევნების გაყალბებას.

„აქ, მეთორმეტე საშუალო სკოლაში მიწერილები იყვნენ დევნილები და მიუხედავად იმისა, რომ სკოლა აღარ არსებობს, ისევ აქ არიან რეგისტრირებულები. ასევე, სულ მეშვიდე უბანზე 893 ადამიანია რეგისტრირებული, 50 კი ყალბადაა მიწერილი, ვინც, როგორც ვფიქრობთ ის ადამიანები არიან, რომელთაც „ქართული ოცნება“ ე.წ. კარუსელებისთვის იყენებს. ეს ადამიანები აქ არავის უნახავს, თუმცა, არჩევნების დღეს ორგანიზებულად მოჰყავს მმართველ პარტიას. ასევე, გამსახურდიას ქუჩაზე, ერთ-ერთ ოჯახში, სადაც რეალურად სამი ადამიანია ამომრჩეველი, კიდევ 11 ადამიანია მიწერილი“, - აღნიშნა ქარდავამ.

თავის მხრივ, ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი განმარტავს, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა სიების გადასამოწმებლად, ხარვეზების დასადგენად და აღმოსაფხვრელად ერთთვიანი ვადა აქვთ. მისივე თქმით, სიები საარჩევნო სუბიექტებისთვისაც გადაცემულია და ამ მიმართულებით მუშაობა პარტიებსაც შეუძლიათ.

„ოთხი წელია, ამომრჩეველთა რაოდენობა რადიკალურად არ შეცვლილა, ეს სიები პარტიებს აქვს გადაცემული, იმუშაონ, ხარვეზები დაადგინონ და მოგვაწოდონ. აქ ვინ სად არის მიწერილი, ჩემი კომპეტენცია არაა. საოლქოს აქვს ცვლილებებზე მუშაობის ერთთვიანი ვადა და 5 მაისამდე თუ სადმე ხარვეზი დაფიქსირდა, ვიღებთ ინფორმაციას და ოლქი შესაბამისად რეაგირებს“, - თქვა მირანდა მესხმა.

ზუგდიდის მერის არჩევნების 19 მაისს გაიმართება.

Print