ახალი ამბები
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტებისათვის სკოლისშემდგომი მომზადების პროგრამა ამოქმედდა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ამოქმედდა პროგრამა, რომელიც უმაღლესი განათლების შეთავაზებას გულისხმობს. აბიტურიენტები მომზადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაივლიან. ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. ამავე ცნობით, პროგრამის საპილოტე ვერსია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა, სამ თვიანია. აბიტურიენტები მომზადებას ინტენსიურ რეჟიმში გაივლიან, რის შემდეგაც ორ გამოცდას ჩააბარებენ და ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე სწავლას მათთვის სასურველ უმაღლეს სასწავლებელში არჩეულ ფაკულტეტებზე გააგრძელებენ. ამავე წლის სექტემბრიდან კი მომზადების სრული, ერთწლიანი კურსი შევა ძალაში.

მიმდინარე წელს პროგრამაზე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან 142 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. 70 მათგანი კურსს თსუ-სში გაივლის, 72 კი - შოთა მესხიას უნივერსიტეტში.

საგანმანათლებლო პროგრამა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შემადგენელი ნაწილია და იგი სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, საქართველოს, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ამოქმედდა. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდების განათლება მთლიანად დაფინანსდება, მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც გათვალისწინებულია. მოსამზადებელ ცენტრში სწავლისას აბიტურიენტები სტიპენდიასაც მიიღებენ 150 ლარის ოდენობით.


Print