რეგიონი
გრიგოლიშში „ქართული ოცნების“ შტაბთან დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში ორ ადგილობრივს შორის დაპირისპირება „ქართული ოცნების“ შტაბში დაიწყო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ წყარომ უთხრა. მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბში აცხადებენ, რომ დაჭრილი ალიკა ლაგვილავა მათი კოორდინატორია, თუმცა, არ ადასტურებენ, რომ მის დაჭრაში ბრალდებული მათი მხარდამჭერია.  არსებული ინფორმაციით, დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შტაბში მომხდარის პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ.

„როგორც ცნობილია, მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელსაც ამ დროისთვის უტარდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. არ ვფლობთ ინფორმაციას მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილე პირების შესახებ. რაც მნიშვნელოვანია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა სწრაფი რეაგირება და დაწყებულია გამოძიება. ძალოვანი უწყება იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა სწრაფად დადგინდეს მომხდარის დეტალები, გამოვლინდეს და კანონის შესაბამისად პასუხისგებაში მიეცეს ყველა დამნაშავე. ჩვენც საზოგადოებასთან ერთად ველით გამოძიების შედეგებს", - აღნიშნა შტაბის წევრმა მამუკა წოწერიამ.

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმების ინფორმაციით, მას ოპერაცია ჩაუტარდა და დაჭრილი მართვით სუნთქვაზე, კრიტიკული მედიცინის განყოფილებაშია მოთავსებული.

ზუგდიდში ახალგაზრდა მამაკაცი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით რამდენიმე საათის წინ დაჭრეს. ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. უწყების ცნობით, სამართალდამცველების მიერ დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილია, მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.
Print