ახალი ამბები
ჩხეტია ზუგდიდის პოლიციის უფროსისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას მოითხოვს
წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული მანუჩარ ჩხეტია, რომელსაც დღეს ჯარიმის გადახდა დაეკისრა, სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. მისი თქმით, ის უდანაშაულოა და მისთვის 1500 ლარიანი ჯარიმის დაკისრება უსამართლობაა.

„არ ველოდი ნამდვილად იმიტომ, რომ ეს შენობა და ეს სასამართლო გადაქცეულია გახარიას კანტორად, სადაც იღებენ უკანონო გადაწყვეტილებს და აუცილებლად გავასაჩივრებ. ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს, რომ არანაირი ბრალი არ მიმიძღვის“, - აღნიშნა ჩხეტიამ.

გარდა ამისა, იგი ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსის დისციპლინური პასუხისმგებლობას ითხოვს. ჩხეტია შესაბამისი განცხადებით გენერალური ინსპექციისთვის მიმართვას გეგმავს.

როგორც მან პროცესზე განაცხადა, მას არ დაურღვევია საზოგადოებრივი წესრიგი და არ უგინებია პოლიციის სამმართველოს უფროსის ირაკლი ფაცაციასთავის, როგორც ეს მოსარჩელე მხარის ოქმში იყო ასახული. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა არ გამოიკვეთა პირის დაკავების ოქმის შემდგენი პოლიციელის ნიკა ნინუას მიერ წარმოდგენილ ვიდეო მასალაში, თუმცა ის აცხადებდა, რომ ჩხეტიამ წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს და ასევე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ უფროსს, რასაც მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა. ჩხეტიას ადვოკატის მირანდა გოგოხიას თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს არ დაურღვევია კანონი.

საბოლოოდ ზუგდიდის რაიონულმა მოსამართლემ მანუჩარ ცაცუამ მიიღო გადაწყვეტილება და „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია სამართალდამრღვევად პოლიციის დაუმორჩილებლობის მუხლით ცნო და მას 1500 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. რაც შეეხება წვრილმან ხულიგნობას, მოსამართლემ აღნიშნული მუხლით იგი სამართალდამრღვევად არ ცნო.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი და ზუგდიდის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ანა წითლიძე, პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია და აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია
11 აპრილს ნარაზენში დააკავეს, სადაც გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი შეხვედრას მართავდა. სამმართველოს შენობა წითლიძემ და პატარაიამ, იმავე დღეს დატოვეს, თუმცა წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს მანუჩარ ჩხეტია. მას ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრი ანი წითლიძე და პარტიის პრესსამსახურის უფროსი გიორგი პატარაია გუშინ, 18 აპრილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორივე 166-ე და 173-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და 2000-2000 ლარიანი ჯარიმები შეუფარდა.

ამავე თემაზე:

სასამართლომ ენმ-ის აქტივისტს 1500 ლარის გადახდა დააკისრა


Print