ახალი ამბები
ფოთში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა
ფოთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ადგილობრივების ინფორმაციით, ავტომანქანა ჯერ ელექტრობოძს დაეჯახა, წაქცეული ბოძი კი იქვე, ჭიშკართან მდგომ ახალგაზრდა მამაკაცს დაეცა. შემთხვევის შედეგად დაშავდა ავტომანქანაში მყოფი ორი ადამიანიც.  ისინი ტვინის შერყევით და მრავლობითი დაზიანებებით  ფოთის ჰოსპიტალში მოათავსეს, მოგვიანებით კი ერთ-ერთი ქუთაისში გადაიყვანეს. როგორც რადიო "ათინათს" ფოთის საავადმყოფოში უთხრეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო.

„ერთი პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკულად მძიმე, ჩაუტარდა გადაუდებელი რეანიმაციული ღონისძიებები. აღენიშნებოდა კომა და სხეულის მრავლობითი დაზიანებები. დანარჩენი ორი პაციენტი რჩება ჩვენს კლინიკაში. მათ აღენიშნებათ თავის ტვინის შერყევა“, - ამბობენ საავადმყოფოში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.




Print