ახალი ამბები
მარტვილში 44 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და დაიღუპა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში 46 წლის მურთაზ კეკუტია, რომელიც საამქროში მუშაობდა, სავარაუდოდ,  ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს" სალხინოში მერის წარმომადგენელმა  გია ჯიჯელევამ უთხრა. მისი თქმით, აღნიშნული საამქრო ექსპლუატაციაში ჯერ არ იყო შესული და კეკუტია მოწყობილობას ამოწმებდა.

„საამქროს მეპატრონე გარდაცვლილის ბიძაშვილია. ჯერ არ იყო გახსნილი. მე როგორც ვიცი, იქ რაღაცას ამოწმებდნენ, რა დროსაც მოხდა უბედური შემთხვევა. ფაქტს არავინ შესწრებია, როცა ნახეს, უკვე გარდაცვლილი იყო. რა მოხდა, ზუსტად არავინ იცის - იქ ჩავარდა თუ, გულმა უმტყუნა“, - ამბობს ჯიჯელავა.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო - სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.



Print