პოლიტიკა
ზუგდიდის მერობის კანდიდატი კამპანიის ფინანსური მხარდაჭერისთვის ანგარიშის ნომერს აქვეყნებს
ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი თენგიზ ჯგუშია საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად თანამოაზრეებს, სურვილის შემთხვევაში, ფინანსური დახმარებისკენ მოუწოდებს. შესაბამისი პოსტი, რომელშიც ჯგუშიას პირადი ანგარიშის ნომერია მითითებული, მან ფეისბუქზე დაწერა. კანდიდატი მეგობრებს, მხარდამჭერებსა და თანამოაზრეებს მიმართავს.

„მე არ მინდა ხალხის გარდა ვინმეზე გავხდე დამოკიდებული.

მე თვითონ ვთქვი უარი მაფინანსებდეს რომელიმე პარტია ან რომელიმე ბიზნეს ჯგუფი, რადგან ნებისმიერი ვალი დასაბრუნებელია ყოველთვის და ფინანსური ვალის დაბრუნება ვალებით დახუნძლულმა მერმა ისევ ხალხის და ბიუჯეტის ხარჯზე უნდა მოახდინოს. მე უნდა ვემსახურებოდე ერთადერთი, მხოლოდ ჩემი ამომრჩევლების ვალის გადახდას, რაც მათი საყვარელი და საფიცარი ზუგდიდის განვითარებისთვის, მათი ოჯახების კეთილდღეობისთვის ჩემი თავგანწირული, კეთილსინდისიერი, პროფესიონალური შრომით და ბრძოლით იქნება გადახდილი. არ ვიქნები თავმდაბალი და ვიტყვი, რომ ყველა კანდიდატზე ყველაფრით წინ ვართ, მაგრამ ისინი გვებრძვიან ფულით და სტრუქტურებით, მე ვიბრძვი მხოლოდ სიმართლით და ჩვენი საერთო რწმენის ძალით. ამავე დროს ვერავინ წამომაყვედრებს, რომ თანამდებობებზე ყოფნისას დავაგროვე ფული, ქონება ან ბიზნეს წილები. დღესაც ჩემი მთავარი შტაბიც და ოფისიც მამაპისეული სახლია, მთავარი სიმდიდრე და ძალა - მხოლოდ უბრალოება და ხალხის რწმენაა. საარჩევნო კამპანიის ეფექტიანად საწარმოებლად და ჩვენი სიმართლის ამომრჩეველთა ფართო მასებამდე მისატანად საჭიროა თუნდაც მინიმალური ხარჯების გაწევა. ვისაც გაგიჩნდებათ სურვილი ფინანსურად დაუჭიროთ მხარი ჩემს საარჩევნო კამპანიას, თუნდაც მცირე ოდენობის თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე. კეთილი გულით მოძღვნილი მცირედიც შეიწირების. დაე, იყოს ნება ღვთისა“, - აღნიშნულია კანდიდატის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.

თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის მერობის 16 კანდიდატიდან ერთ-ერთია.

რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.


Print