ახალი ამბები
თავდასხმა მარტვილში - სამმა ნიღბიანმა ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღა
წუხელ გვიან ღამით, მარტვილში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს სამი ნიღბიანი პირი თავს დაესხა. მათ ოჯახის წევრს სხეულის დაზიანება მიაყენეს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ოქროს ნივთები და ფული გაიტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1955 წელს დაბადებული ჟ.გ, შემთხვევიდან რამდენიმე წუთში პოლიციამ დააკავა. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე  ცნობით, დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება სხვა პირებს, მათ დასაკავებლად ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სამართალდამცველებმა ნაყაჩაღარი ოქრო და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.


Print