ახალი ამბები
ალმას ჯოპუა აფხაზეთის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ მიიღებს მონაწილეობას
აფხაზი დეპუტატი ალმას ჯოპუა 2019 წლის „საპრეზიდენტო არჩევნებში“ ჩაერთვება. მისი წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებრივმა მოძრაობა „საერთო საქმემ“ 5 აპრილს მიიღო, წერს ინტერნეტ გამოცემა „აფსადგილ ინფო“. გამოცემის ცნობით, „პრეზიდენტობის კანდიდატი 2014 წლიდან დე ფაქტო აფხაზეთის სახალხო კრების დეპუტატია“.

მარტის ბოლოს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ბიზნესმენმა ასტამურ ტარბამ განაცხადა.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს გაიმართება. აღნიშნული გადაწყვეტილება „პარლამენტმა“ 4 აპრილს მიიღო. „მოქმედი პრეზიდენტი“ რაულ ხაჯიმბა უფლებამოსილების შესრულებას 2014 წლის სექტემბერში შეუდგა. გამოცემის ცნობით, დე ფაქტო რესპუბლიკაში პრეზიდენტს 5 წლის ვადით ირჩევენ.

იმავე დღეს, აფხაზმა დეპუტატებმა საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანეს, რომელთა თანახმად, არჩევნების დღეს გაუქმებულია მარკირების პროცედურა, ასევე შეცვლილია საარჩევნო ბიულუტენების შევსების წესი. რაც იმას ნიშნავს რომ, არასასურველი კანდიდატების გვარების გადაშლის ნაცვლად, ამომრჩეველი სასურველი კანდიდატის გვარის გასწვრივ მონიშვნას გააკეთებს. ასევე, აიკრძალება პრეზიდენტობის კანდიდატის უცხოეთის მოქალაქეების და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერა.

Print