ახალი ამბები
გინება სხდომაზე - ფოთში საკრებულოს თავმჯდომარე და დეპუტატი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
ფოთში, საკრებულოს სხდომაზე მერის ანგარიშის წარდგენა, ხმაურისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს თავმჯდომარეს ირაკლი კაკულიასა და „ევროპული საქართველოს“ დეპუტატ ვახტანგ დარცმელიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის მსვლელობისას რამდენჯერმე მოხდა.  ოპოზიციამ მერს ანგარიში დაუწუნა. ვახტანგ დარცმელიძის თქმით, ფოთში გაჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები და საბიუჯეტო თანხები გაფლანგულია.

„მერის გამოსვლას მოვუსმინე და მივხვდი, რომ ის ცხოვრობს სულ სხვა რეალობაში და სულ სხვა ფოთში. გაჩერებულია ინფრასტრუქტურული პროექტები, გაფლანგულია საბიუჯეტო თანხები, სასამართლო დავები, რომლიც ჩვენს ქალაქს აქვს ამ ხელისუფლების პირობებში, ეს თურმე არაფერია და ჩვეულებრივია. უამრავი გეგმა დასახა. ისე ისაუბრა, თითქოს იდეალურად იყოს აქ ყველაფერი. რაც შეეხება ჩემსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის მომხდარ დაპირისპირებას, ირაკლი კაკულიას ჰგონია, რომ სულ პირადი ინტერესის გამო ვაკრიტიკებ”, - აცხადებს საკრებულოს წევრი „ევროპული საქართველოდან“ ვახტანგ დარცმელიძე.

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას თქმით, ოპოზიციის წევრები არასწორ შეფასებებს აკეთებენ. მისივე თქმით, ქალაქში ყველა მიმდინარე სამუშაო კონტროლდება მაქსიმალურად და ოპოზიცია არასამართლიან ფაქტებზე დაყრდნობით საუბრობს.

ამავე სხდომაზე კამათის დროს ფოთის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ დარცმელიძეს მიმართა და თქვა "ჩვენ შორის მტყუანის დედას შე...ცი", დარცმელიძემ კი მას უზრდელი და ჭორიკანა უწოდა.

საკრებულოს სხდომა თავმჯდომარემ კომენტარის გარეშე დატოვა.
Print