ახალი ამბები
ადვოკატი: ზუგდიდში მოწამლული ათი ბავშვის თანმხლები ქალი დააკავეს
ზუგდიდში მოწამლული ბავშვების თანმხლები ქალი, რომელიც ამბობდა, რომ მათი დედაა, დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "ათინათს" მისმა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ დაუდასტურა. მისივე თქმით, ის დაკავებულთან შესახვედრად წინასწარი დაკავების იზოლატორში მიდის. რაც შეეხება ბავშვებს, თოდუა ამბობს, რომ ისინი სოციალურმა სამსახურმა წაიყვანა.

„წყნეთში ვუქირავე ბინა, ძიძაც ავუყვანე, ვუშოვე მანქანა. წუხელ რა შეიცვალა, არ ვიცი. დეტალებზე ვერ გესაუბრებით, მეც არ ვარ გარკვეული. ახლა მივდივარ მასთან“, - თქვა თოდუამ.

შს სამინისტროში დაკავების ფაქტს ჯერ არ ადასტურებენ.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი 20 აპრილს შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. მოგვიანებით ისინი ქუთაისში ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, მცირეწლოვნებიდან 4 დაბადებულია 2017 წელს, რამაც გააჩინა საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნული შეიცავდა ტრეფიკინგის ნიშნებს და უწყებამ გამოძიება სსკ-ის 143 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით (ადამიანით ვაჭრობა - ტრეფიკინგი) დაიწყო. შსს-ში განმარტავენ, რომ ტარდება აქტიური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები, რათა დადგინდეს ხომ არ აქვს ადგილი ადამიანებით ვაჭრობის ფაქტს. 


ამავე თემაზე:

ზუგდიდში მოწამლული ათი ბავშვის თანმხლებმა ქალმა შესაძლოა საქართველოს თავშესაფარი სთხოვოს

Print