რეგიონი
სოციალური სამსახური: ვიზრუნებთ, რომ ათივე უკრაინელი ბავშვი ერთ ოჯახს მიაბარონ
სოციალურ სამსახურში აცხადებენ, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის, რომელთა თანმხლები ქალი დააკავეს, მინდობით აღმზრდელ ოჯახს უკვე ეძებენ. სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნათია წივწივაძემ რადიო „ათინათს“ უთხრა, რომ 10 მოზარდიდან ორი ქუთაისში, მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლში იმყოფება, ორი საავადმყოფოში მკურნალობს, ექვსი კი ჩვილ ბავშვთა სახლში გადაიყვანეს.

„რაც შეიძლება უმოკლეს ვადებში გვინდა, რომ ეს ბავშვები ერთად შევკრიბოთ, მათი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რომ შეძლონ ერთად, ოჯახურ გარემოში ცხოვრება“, - აღნიშნა წივწივაძემ.

დაკავებულის ადვოკატის ზურაბ თოდუას ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქის დაკავების საფუძველი 10 ბავშვთან ერთად მიმალვის საფრთხე გახდა, თუმცა მისთვის საქმის მასალები ჯერ არ გაუცნიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ი.ს. 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავა. უწყების ცნობით, დანაშაული 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.




Print