რეგიონი
ზუგდიდში მოწამლული ბავშვების თანმხლები ქალისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
ზუგდიდში მოწამლული ბავშვების თანმხლები ქალი, რომელიც ამტკიცებს, რომ ათივე მისი შვილია, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და წარდგენილ ბრალ არ აღიარებს. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ადვოკატმა ზურაბ თოდუამ უთხრა. მისივე ინფორმაციით, იულია სუსლიაკისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ბრალდებით უკრაინის მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული იულია სუსლიაკი 25 აპრილს, ქუთაისის ერთ-ერთ საავადმყოფოში დააკავა. მისთვის წარდგენილი ბრალი 14-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უკრაინელი ქალის ზუგდიდში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათ მეზობლად მცხოვრები ათი ბავშვი უმძიმეს პირობებში იმყოფებოდა და მათ სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი 20 აპრილს შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. მოგვიანებით ისინი ქუთაისში ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადვოკატის მტკიცებით, ქალი რუსეთიდან აფხაზეთში მეუღლის ჩასვლას ელოდებოდა, რათა აქედან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულიყო. მისივე ინფორმაციით, ეჭვის საფუძველი არ არსებობს, რადგან ათივე არასრულწლოვანი ცოლ-ქმრის საერთო შვილია, მათგან ექვსი კი ხელოვნური განაყოფიერებით, სუროგატი დედის საშუალებით დაიბადა და მათი მამა სუსლიაკის მეუღლეა.



Print