ახალი ამბები
დაურ კოვე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, ლილიან მორი პასკიეს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც მან აღნიშნა, რომ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია.
დაურ კოვეს თქმით, აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენის შესაძლებლობაზე საუბარი მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ გახდება შესაძლებელი, წერს აფხაზური მედია. 

მან აღნიშნა, რომ ქალბატონი ლილიან მორი პასკიე, „რეალობასთან კავშირს კარგავს და ფანტაზიებშია“. მისივე თქმით, ევროპული ქვეყნების ამგვარი პოლიტიკური რიტორიკა აფხაზეთის მიმართ, ჩვეულებრივი ამბავი გახდა და გაოცებას არ იწვევს.

ლილიან მორი პასკიე თბილისში 28 აპრილს ჩავიდა. პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ ბრიფინგზე მან განაცხადა: „ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რომ მოგვარდეს კონფლიქტი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, ადამიანებს შორის დამყარდეს კონტაქტი“.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს ევროპის საბჭოში გაწევრიანების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფებოდა.


Print