ახალი ამბები
ბიბლიოთეკის თანამშრომელი: სამსახურში აღდგენის პირველ დღეს სამუშაო გარემო არ დამხვდა (ვიდეო)
ააიპ "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიდან" გათავისუფლებულ თანამშრომელ ზეინაბ მორგოშიას, რომელიც სამი ინსტანციის სასამართლომ სამსახურში აღადგინა, დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს. მისი მტკიცებით, პროვოკაცია შეგნებულად მოუწყეს და შესაბამისი სამუშაო გარემო არ დაახვედრეს. როგორც მორგოშიამ ჟურნალისტებს უთხრა, მან საკანცელარიო ნივთები მოითხოვა და იკითხა, სად უნდა დამჯდარიყო, თუმცა კონკრეტული ადგილი არ მიუთითებიათ.

„ძალიან მძიმე დღე იყო, ამაღლებული განწყობით შემოვედი, მოვითხოვე ბიბლიოთეკარის სამუშაო გარემო, მაგრამ მიმითითეს ხან სად, ხან სად. ეს იყო ჩემი, როგორც ბიბლიოთეკარის უფლებების შელახვა და მივმართავ უფლებადამცველს“, - აღნიშნა მორგოშიამ.

განყოფილების გამგემ ქეთევან კვარაცხელიამ კამერებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა, აღნიშნა, რომ ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში მორიგეობაა და საკუთარი უფლება-მოვალეობები ყველას განემარტება.

„მაგიდა არ იყო ცალკე გამოყოფილი, მაგრამ უკვე ყველაფერი მოგვარებულია, მორიგეობაა გაცემაზე, მომსახურებაზე და არა იმაზე, სად დაბრძანდეს და სად არა“, - თქვა ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ.

ზუგდიდის ცენტრალური ბიბლიოთეკის ყოფილი თანამშრომელი, სამკითხველო დარბაზის მთავარი სპეციალისტი ზეინაბ მორგოშია, რომელსაც ახლად შექმნილ აიპიში ხელშეკრულება არ გაუგრძელდა, სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზად პოლიტიკურ მოტივს ასახელებდა. "ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის" დირექტორი მადონა მაქაცარია ბრალდებას უარყოფდა. მისი მტკიცებით, მორგოშიას ხელშეკრულება იმ განცხადების საფუძველზე არ გაუგრძელდა, რომლითაც ამ უკანასკნელმა მერს მიმართა.

ზეინაბ მორგოშიას ბიბლიოთეკების მართვის ცენტრმა განაცდური ოთხი ათასი ლარიც უნდა აუნაზღაუროს.

ამავე თემაზე:

ყოფილი საჯარო მოხელეები სამსახურში აღდგენასა და მოქმედი თანამდებობის პირების გათავისუფლებას ითხოვენ (ვიდეო)




Print