ახალი ამბები
ხაზარაძე: ანაკლიის პორტის დაფინანსებაზე მთავრობასა და ბანკებს შორის მოლაპარაკებები ძალიან ნელა მიმდინარეობს
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ პორტის დაფინანსებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების ქართული სახელმწიფოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის ნელა მიმდინარეობს. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გაჭიანურება კონსორციუმისთვის მიცემულ ვადას ხელს უშლის.

„სამწუხაროდ, ძალიან ნელა მიმდინარეობს მოლაპარაკებები მთავრობასა და ბანკებს შორის. მე ვერ გეტყვით მიზეზებს. ველოდებოდით, რომ შეხვედრა აპრილში შედგებოდა. მხოლოდ ორი წერილი გაიცვალა ბანკებსა და სახელმწიფოს შორის. იმედია, უახლოეს პერიოდში შეხვდებიან, რადგან ეს გაჭიანურება პირდაპირ ხელს უშლის ვადას, რომელშიც უნდა ჩავეტიოთ. იცით, რომ ჩვენი ვადა სახელმწიფოსთან იწურება 15 ივნისს და, რა თქმა უნდა, დამოკიდებული ვართ ამ მოლაპარაკებებზე. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ თემებზე, მთავარია, შეხვედრა შედგეს და პოზიციები დაფიქსირდეს“, – განაცხადა ხაზარაძემ.

გარდა ამისა, ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესების ფონზე კონსორციუმმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის კიდევ ერთხელ გაგრძელება მოითხოვოს.

„თუ პროცესი ინტენსიური მოლაპარაკებების ფაზაში გადავიდა, ალბათ დავინახავთ, რომ ორივე მხარე დაინტერესებულია, რათა პროცესი დასრულდეს. შეგახსენებთ, საუბარია იმ ბანკებთან მოლაპარაკებებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის უმსხვილესი დონორები არიან. წარმოუდგენლად მიმაჩნია, ვერ მოელაპარაკო ბანკებს, რომლებსაც მილიარდები აქვთ ჩვენი ქვეყნისთვის მიცემული, ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის. აქ უბრალოდ საუბარია უფრო სწრაფ მენეჯმენტსა და სურვილზე, რომ ეს პროექტი ძალიან სწრაფად დაიწყოს. იმედი მაქვს, მაისში გააქტიურდება ეს შეხვედრები, მოთმინებით ველით ამ პროცესს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეხვედრა მთავრობასა და ბანკებს შორის აპრილში უნდა გამართულიყო, თუმცა არ შედგა. როგორც სსიპ ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით ჯავახაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მთავრობასა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის მუდმივი და ყოველდღიური კომუნიკაციაა.


ამავე თემაზე:

მაია ცქიტიშვილი: მზად ვართ ანაკლიის ინვესტორებთან შესახვედრად

Print