ახალი ამბები
რულოვსი: მზად ვარ, ზუგდიდში ლგბტ თემის პრობლემებს გავეცნო
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ამბობს, რომ ზუგდიდში ლგბტ თემის პრობლემებისა და გამოწვევების გასაცნობად მზადაა. ასე უპასუხა მან „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრის“ ხელმძღვანელის ციცინო შენგელიას კითხვას სექსუალური უმცირესობების შესახებ. შენგელიამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე კანდიდატს უთხრა, რომ აღნიშნული პირებისთვის ზუგდიდის მერიაში არავითარი პროგრამა არ არსებობს და სერვისებისადმი ხელმიუწვდომლობა ერთ-ერთი პრობლემაა.

„მე მაინტერესებს, გეგმავთ თუ არა ამ კუთხით მუშაობას, რომ მერიამ იზრუნოს ამ ადამიანებზე“, - ჰკითხა შენგელიამ რულოვსს.

კანდიდატმა კი განმარტა, რომ მას ამ ეტაპზე ზუგდიდში ლგბტ ადამიანების თემის, მათი რიცხვისა და პრობლემების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და გამოთქვა მზაობა, რომ აღნიშნული საკითხი განიხილოს.

„გავიცნობდი პრობლემებს თქვენთან ერთად და მზად ვარ, განვიხილო ეს ყველაფერი. ამისთვის ნამდვილად ღია ვარ“, - განმარტა რულოვსმა.

ოპოზიციონერი კანდიდატი დღეს ახალგაზრდებს შეხვდა.

ამავე თემაზე:

რულოვსი: მე არ ვეძებ კონფრონტაციას, ვეძებ საერთო გამოსავალს
Print