ახალი ამბები
სანდრა რულოვსი ზუგდიდელ ახალგაზრდებს შეხვდა (ვიდეო)
ზუგდიდში, დემოკრატიული განვითარების ცენტრის ქსელის ოფისში მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი ახალგაზრდებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მან დამსწრეებს ახალგაზრდული მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათ კითხვებსაც უპასუხა.

„მათი არჩევანი იქნება უფრო ინფორმირებული. ვსაუბრობდით იმ პრობლემებზე, რომელიც ძალიან ნათლად ჩანს, ეს არის ემიგრაცია და მიგრაცია, განათლების საშუალება შეზღუდულია, ისევე, როგორც გართობის საშუალება, ტრანსპორტირება საღამოს საათებში, კომუნალური პრობლემები და ასე შემდეგ. ვისაუბრეთ იდეებზე, როგორ შეიძლება ახალგაზრდები ჩავრთოთ მერიის საქმიანობაში, გაცვლით პროგრამებში, სტაჟირებაზე და ასე შემდეგ. ასევე, ქალთა უფლებებზე, სექსუალური უმცირესობების, შშმ პირების უფლებებზე განათლების, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით“, - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ რულოვსმა.

მას კითხვები სტუდენტებმა, აბიტურიენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დაუსვეს. მათ თქვეს, რომ მერობის სხვა კანდიდატებთან შეხვედრებსაც დაესწრებიან.

„ჩემთვის, როგორც ახალგაზრდისთვის, მნიშვნელოვანი იყო განათლებაზე მისგან წამოსული ინფორმაცია. აუცილებელია, რომ რეგიონში დაგეგმილი პროექტები და პროგრამები მორგებული იყოს ჩვენს საჭიროებებზეც“, - თქვა როენა მებონიამ.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის ზუგდიდის ოფისი ორგანიზებით მერობის კანდიდატებთან შეხვედრა დღეს სანდრა რულოვსთან კითხვა-პასუხით დაიწყო. ოფისის კოორდინატორის ეკა მინჯორაიას თქმით, ღონისძიებების მიზანია კონსტრუქციული დიალოგის წარმოება.

„ჩვენი ცენტრი არის პოლიტიკურად ნეიტრალური პლატფორმა და აქტიურდება არჩევნებისას. ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ კონსტრუქციული დიალოგის წარმოებას პოლიტიკურ პარტიებთან, საარჩევნო სუბიექტებთან, საზოგადოებრივ ჯგუფებთან. გამოვკითხეთ 50 ადამიანი და მათი ინტერესებიდან გამომდინარე დავსვით სწორედ კითხვები“, - აღნიშნა მინჯორაიამ.

ამავე ტიპის შემდეგ შეხვედრაზე ცენტრი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიას უმასპინძლებს.

ამავე თემაზე:

მერობის ოპოზიციონერი კანდიდატის თქმით, ზუგდიდი ჯანსაღი ქალაქი უნდა გახდეს



Print