ახალი ამბები
სოფელ ჭკადუაშში აქციის მონაწილეებს გუბერნატორის მოადგილე შეხვდა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭკადუაშის მოსახლეობის ნაწილს, რომელმაც გზის მოხრეშვის მოთხოვნით აქცია გამართა, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია შეხვდა. ქანთარიას თქმით, აღნიშნულ სოფელში ბევრი სასიკეთო პროექტი ხორციელდება. რაც შეეხება გზას, მისივე განმარტებით,  ბეტონის საფარის დაგება წვიმიანი ამინდების გამო ვერ გაგრძელდა 500 მეტრის მონაკვეთზე, რაც ორშაბათიდან გაგრძელდება. გუბერნატორის მოადგილე აქციას მიზანმიმართულ პროვოკაციას უწოდებს.

„სოფელ ჭკადუაშში ძალაინ ბევრი პროექტი კეთდება, ეს იქნება  წყალი, საფეხბურთო მოედანი, ბაღები და გზა. გზის საფარის რეაბილიტაცია დაწყებულია, თუმცა დარჩენილია 500 მეტრი, სადაც ბეტონის საფარი არ არის, თუმცა ორშაბათიდან შესაბამისი სამუშაოები დაიწყება. მისი შეჩერების მიზეზი იყო გადაუდებელი წვიმები. იყო საუბარიც მოხრეშვაზე, ამ საკითხიც მოგვარდება იმის მიხედვით თუ რა შესაძლებლობაც ექნება მუნიციპალიტეტს. მოსახლეობა ინფორმირებული იყო ამ ყველაფრის შესახებ, თუმცა იქ იყო რამდენიმე ადამიანი, რომელიც იყო მართული“, - უთხრა რადიო "ათინათს" კობა ქანთარიამ.

მისივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს მერიის წარმომადგენლებიც შეხვდნენ.

რამდენიმე საათის წინ პროტესტის ნიშნად ჭკადუაშის მოსახლეობის ნაწილმა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მთავარი მაგისტრალი გადაკეტა, თუმცა სამართალდამცავების მოთხოვნით სავალი ნაწილი მალევე გაათავისუფლეს.

ამავე თემაზე:
ჭკადუაშის მოსახლეობის ნაწილმა გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით აქცია გამართა
Print