ახალი ამბები
ეკატერინესეული სასახლის რეაბილიტაცია გადაიდო - მას ფონდი „ქართუ“ არ დააფინანსებს
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის რეაბილიტაცია, რომელიც აპრილში უნდა დაწყებულიყო, გადაიდო. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ უთხრა. ანთიძე რეაბილიტაციის დაწყების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს, თუმცა ვარაუდობს, რომ ტენდერი მიმდინარე წლის ზაფხულში გამოცხადდდება.

„ახლა პროექტი გადაგზავნილია, მიმდინარეობს ექსპერტიზა. ეს პროექტი შესრულებულია 2014 წელს, შესაბამისად, გამოცხადდება ტენდერი, ვფიქრობ, რომ ზაფხულში", - აღნიშნა მან.

თავდაპირველად საუბარი იყო, რომ მუზეუმის რეაბილიტაციისთვის ფონდი „ქართუ“ შესაბამის თანხას გამოყოფდა, თუმცა, ანთიძის ინფორმაციით, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს.

„ჩვენ მოთხოვნა გავუგზავნეთ, როგორც მგფ-საც და ფონდ "ქართუსაც" . როდესაც პასუხი მოგვივიდა, მუნიციპალური განვითარების ფონდიდან, რომ ისინი დააფინანსებდნენ, თვითონ ვუთხარით უარი ფონდს. მოგეხსენებათ, რომ „ქართუ“ ისედაც აქტიურად აფინანსებს ძეგლებს", - თქვა ანთიძემ.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ერთ-ერთი დარბაზში პირველ მარტს ჭერის ნაწილის ჩამოინგრა, რის შედეგადაც ექსპონანტები დაზიანდა.

ამავე თემაზე:
დადიანების სასახლის რეაბილიტაციისთვის თანხას ფონდი "ქართუ" გამოყოფს

ლილი ბერაია: ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაზიანებულ ექსპონატებს აღადგენენ
Print