პოლიტიკა
გაერთიანებული ოპოზიცია: ზუგდიდში ხმების დაცვის უპრეცედენტო სისტემა შევიმუშავეთ (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნებს 5000 დამოუკიდებელი ადამიანი დააკვირდება. ამის შესახებ გაერთიანების ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით, ზუგდიდში თითეული ამომრჩევლის ხმა იქნება დაცული. ბეჟაშვილის განმარტებით, ადამიანები, რომლებიც საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან, არ არიან მართული „ქართული ოცნებიდან“.

"ზუგდიდმა უნდა აჩვენოს მაგალითი საქართველოს, რომ ოპოზიციის გამარჯვებით შეიძლება ცვლილებების განხორციელება.თქვენ იცით, რომ ოპოზიციას წინა არჩევნებზე მოპარეს ხმები, ამიტომ ამ არჩევნებზე უპრეცედენტო რაოდენობის დამკვირვებელი ეყოლება უბნის შიგნით და გარეთ ზუგდიდში, რაც იქნება გარანტი თითოეული ამომრჩევლის ხმის დაცულობის, ამიტომ თითოეული ადამიანის ხმა არის გადამწყვეტი", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ოპოზიციის ინფორმაციით, არჩევნებს უბნებს შიგნით და გარეთ 214 კომისიის წევრი, 1489 კანდიდატისა და გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, 1500-ზე მეტი მოხალისე, 1500-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელი დააკვირდება.

ბეჟაშვილმა ასევე ისაუბრა, რომ ისინი ამ მიმართულებით საერთაშორისო ორგანიზაციებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.

Print