ახალი ამბები
მუნიციპალური განვითარების ფონდი: ეკატერინეს სასახელეს აღვადგენთ
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ზუგდიდში ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციას დააფინანსებს. გარდა ამისა, დაგეგმილია ბიბლიოთეკისა და სპორტკომპლექსის მშენებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია არაერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარება, რომელთა შორისაა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღისა და ეკატერინე დადიანის სასახლის რეაბილიტაცია, ზუგდიდის ბიბლიოთეკისა და სპორტკომპლექსის მშენებლობა. ქალაქ ზუგდიდში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობის ზრდას. შეიქმნება ხელსაყრელი პირობები ტურისტული პოტენციალის კიდევ უფრო მეტი განვითარებისთვის. ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია ითვალისწინებს ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების და ღობის რეაბილიტაციას, წყალმომარაგების, სარწყავი, საკანალიზაციო და სადრენაჟე სისტემების მოწყობას. ასევე, ტერიტორიაზე არსებული ხელოვნური ტბის წყალმომარაგებას. გაკეთდება სასეირნო ბილიკები, აშენდება საზოგადოებრივი საპირფარეშოები. პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაცია. სასახლე გამოირჩევა როგორც არქიტექტურულ-მხატვრული, ისე ისტორიულ მემორიალური მნიშვნელობით. მის სივრცეში ექსპონირებული დადიანთა ნივთები, ინვენტარი, რელიქვიები და საგანძური აცოცხლებს დადიანების საყოფაცხოვრებო გარემოს და მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით“, - ნათქვამია ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ცნობით, ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები 2018 წლის დასაწყისში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

ამავე თემაზე:
ეკატერინესეული სასახლის რეაბილიტაცია გადაიდო - მას ფონდი „ქართუ“ არ დააფინანსებს
Print