ახალი ამბები
გეგა შენგელია: მერიაში ადამიანებს მხოლოდ განათლებისა და შესაძლებლობების მიხედვით დავასაქმებთ
„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატის გიორგი შენგელიას თქმით, მერიაში ადამიანებს ყოველგვარი ჩაწყობისა და ნეპოტიზმის გარეშე დაასაქმებენ. ამის შესახებ მან დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა. შენგელიას თქმით, სახელმწიფო სტრუქტურაში ბევრი ადამიანია დასაქმებული.

„კადრებს შევარჩევთ მხოლოდ ადამიანების განათლებისა და შესაძლებლობების მიხედვით, ნეპოტიზმისა და ჩაწყობის გარეშე“, - აღნიშნა შენგელიამ.

გარდა ამისა, მან ახალგაზრდების სხვადასხვა სექტორში დასაქმებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აუცილებელია, მიმდინარე სამუშაოებზე სწორედ ადგილობრივები დასაქმდნენ.

„მთავარი არის ის, რომ იყოს სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივა. წელს გვაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერა ცენტრალური ხელისუფლებიდან. ჩვენ უნდა ვუთხრათ კომპანიებს, რომლებიც სამუშაოებს ახორციელებენ, რომ ადგილობრივები დაასაქმონ. გარდა ამისა, თხილის ინდუსტრიის გადარჩენის სფეროშიც, დაახლოებით, 100 ადამიანი დასაქმდა. ძალიან მალე დაიწყება ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოები, სადაც სტაბილურად, მინიმუმ 3000 ადამიანი იქნება დასაქმებული“, - აღნიშნა შენგელიამ.

კანდიდატმა ასევე დასძინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მეტად უნდა იყოს ორიენტირებული საერთაშორისო დონორების მოძიებაზე და ნაკლებად დამოკიდებული ცენტრალურ მთავრობაზე.



Print