ახალი ამბები
ოთარ გაბელიას სახელობის საფეხბურთო სკოლა - ზუგდიდის მერიაში ახალი ააიპ იქმნება
ზუგდიდის მერიაში ახალი ააიპ "ოთარ გაბელიას სახელობის საფეხბურთო სკოლა" იქმნება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციამ ისინი დაარწმუნა საფეხბურთო სკოლის ცალკე დაარსების მიზანშეწონილობაში, რის შემდეგაც მათ მერიას მიმართეს.

"დაგვარწმუნეს, რომ აუცილებლად ცალკე უნდა იყოს ეს სკოლა, რადგან უნდა იყოს ფედერაციის წევრი და მუშაობდეს ფედერაციის შესაბამისი წესდებით. ჩვენ ამ რეკომენდაციით მივმართეთ მერიას და ახლა უკვე მერია გვთხოვს ნებართვას, რომ იყოს რეორგანიზაცია, ერთის მხრივ, მეორე მხრივ კი ცალკე ჩამოყალიბდეს",- აღნიშნა წოწერიამ. 

საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, ახალი სკოლა მომავალში რუხის საფეხბურთო ბაზაზე განთავსდება. მისივე მტკიცებით, ააიპ "სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის" საფეხბურთო განყოფილება ახალ ააიპ-ად ყოველგვარი დამატებითი ფინანსური ხარჯისა და რესურსის გარეშე ყალიბდება და როგორც წოწერია ამბობს, ფინანსური ტვირთი არ აწვება.

კახათის მაჟორიტარმა მანანა მებონიამ აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუკი მსგავსი ფუნქციებით სკოლა-ინტერნატის შენობას აამუშავებენ.

"ეს იყო ზუგდიდის ყოფილი სკოლა-ინტერნატი, ბავშვთა სახლი, რომელსაც აქვს მიწა, რამდენიმე ჰექტარი, არის გამწვანებული, აქვს რამდენიმე კორპუსი, მაგრამ ზოგიერთი განადგურებულია უპატრონობით. არ შეიძლება ამის დაკარგვა",-თქვა მებონიამ.

აღნიშნულს საკრებულოს სხვა წევრების დაეთანხმნენ და თემით დაინტერესებას დაპირდნენ.

რუხის მაჟორიტარის კითხვაზე კი, როდისთვს იგეგმება რუხში აკადემიის მშენებლობა, წოწერიამ უპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაციას მოიკითხავენ.
Print