ახალი ამბები
სოციალური სამსახური:მინდობით აღზრდის პროგრამაში ჩართული ათივე უკრაინელი ბავშვი ერთმანეთთან ახლოსაა
10 უკრაინელი ბავშვი, რომელთა თანმხლები ქალი წინასწარ პატიმრობაშია, მინდობით აღზრდის პროგრამაში უკვე ჩართულია. ამის შესახებ რადიო „ათინათს“ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სამხარეო ცენტრის დირექტორის მოადგილემ უთხრა. ნათია წივწივაძის ინფორმაციით, მათ თავად ბავშვების აზრიც გაითვალისწინეს. ბავშვები ორ ოჯახში გადანაწილდნენ.

„ქუთაისიდან ბავშვები წაიყვანეს აღმოსავლეთ საქართველოში. ამ დროისთვის ათივე მოზარდი ერთმანეთთან მაქსიმალურად ახლოსაა, მათი სურვილიც ეს იყო, რადგან რომელთანაც შეიძლებოდა საუბარი, ვკითხეთ, როგორ ერჩივნათ. შემიძლია გითხრათ, რომ თავს გრძნობენ კარგად. ეწევათ ყველა შესაბამისი მომსახურება“, - აღნიშნა წივწივაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ 10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 27 აპრილს შეუფარდა.

უკრაინელი ქალის ზუგდიდში ყოფნის შესახებ საზოგადოებამ მას შემდეგ გაიგო, რაც ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათ მეზობლად მცხოვრები ათი ბავშვი უმძიმეს პირობებში იმყოფებოდა და მათ სამედიცინო დახმარება სჭირდებოდათ.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კვებითი ინტოქსიკაციის ნიშნებით 10 ბავშვი 20 აპრილს შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. მოგვიანებით ისინი ქუთაისში ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ადვოკატის მტკიცებით, ქალი რუსეთიდან აფხაზეთში მეუღლის ჩასვლას ელოდებოდა, რათა აქედან ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასულიყო. მისივე ინფორმაციით, ეჭვის საფუძველი არ არსებობს, რადგან ათივე არასრულწლოვანი ცოლ-ქმრის საერთო შვილია, მათგან ექვსი კი ხელოვნური განაყოფიერებით, სუროგატი დედის საშუალებით დაიბადა და მათი მამა სუსლიაკის მეუღლეა.



Print