ახალი ამბები
გაერთიანებული ოპოზიცია მმართველ პარტიას ზუგდიდში პლაკატების ჩამოხევაში ადანაშაულებს (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიცია მმართველი პარტიის აქტივისტებს სანდრა რულოვსის პლაკატების ჩამოხევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ გაერთიანების ზუგდიდის საარჩევნო შტაბში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე ისაუბრა. მისივე თქმით,  გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერებს ხუთ მაისს პოლიციამ და ზუგდიდის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ხელი შეუშალეს პლაკატების გაკვრაში, რაც, მისივე მტკიცებით, კანონდარღვევაა. გარდა ამისა, მან ჟურნალისტებს ვიდეო მასალები  წარუდგინა და შესაბამის ორგანოებს ამ ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„5 მაისს გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის მხარდამჭერი ახალგაზრდები აკრავდნენ პლაკატებს, როდესაც მათ მიუვარდნენ უცნობი პირები, იმისთვის, რომ მათთვის ხელი შეეშალათ, ასევე ძალიან მალე ადგილზე გამოცხადდა ქალაქის პოლიცია და მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. ისინი ასევე ცდილობდნენ ხელი შეეშალათ ახალგაზრდებისთვის აღნიშნული პლაკატების გაკვრაში. ამავდროულად, "ქართული ოცნების" აქტივისტები ფაქტობრივად მთელ ქალაქში ახდენენ ჩვენი კანდიდატის პლაკატებზე საკუთარი კანდიდატის პლაკატის გადაკვრას და სანდრა რულოვსის პლაკატის ჩამოხევას, რაც არის კანონის დარღვევა და ამაში მათ ეხმარება მერიის თანამშრომლები , ისევე, როგორც პოლიცია. მე მოვუწოდებ ივანიშვილს, რომ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ ნუ ახდენს ყველა ინსტიტუტის პოლიტიზირებას“, - აღნიშნა ბოკუჩავამ.

მისივე ინფორმაციით, სოფელ ინგირში მათი კანდიდატის პლაკატი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა თენგო აბულაძემ ჩამოხია. მისივე თქმით, აბულაძის მეუღლე ზუგდიდის მერიის თანამშრომელია.


Print