ახალი ამბები
მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტის ტერიტორია დაათვალიერა (ვიდეო)
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ანაკლიის პორტს ეწვია და ტერიტორია დაათვალიერა, მანამდე კი მას „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა პორტის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.

პორტის ტერიტორიაზე ჩატარებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ ხელისუფლებისა და კონსორციუმის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს პორტის ირგვლივ არსებულ ვითარებაზე.

ამ ეტაპზე, სახელმწიფო 4 ფინანსური ინსტიტუტთან მოლაპარაკებებს ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებით  აწარმოებს, თუმცა, რამდენიმე დღის წინ მამუკა ხაზარაძემ განმარტა, რომ აღნიშნული პროცესი ნელა მიმდინარეობს.

ამასთან დაკავშირებით ცქიტიშვილმა თქვა, რომ ბანკების წარმომადგენლებთან შეხვედრა ერთხელ უკვე გაიმართა, რის შემდეგაც წერილობითი კომუნიკაცია შედგა და ახლა კიდევ ერთი შეხვედრაა დაგეგმილი.

„ახლა ვგეგმავთ კიდევ ერთი შეხვედრის გამართვას სწორად იმისთვის, რომ განვიხილოთ ეს ცვლილებები და ეს პუნქტები, რადგან ყველას ერთად გვჭირდება. ჩვენ ყველას ერთად გვაქვს ვადა იმისთვის , რომ შევთანხმდეთ ან ვერ შევთანხმდეთ. დაგეგმილმა ვადამ უკვე ბევრჯერ გადაიწია. რაც შეეხება ხელშეკრულების ვადას, ჯერ ვეცადოთ და ვნახოთ, რითი დამთავრდება ეს ჩვენი ერთობლივი შეხვედრა და კომუნიკაცია, 15 ივნისამდე ჯერ დრო გვაქვს“, - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებზე „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა განმარტა, რომ უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ეს ოთხი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი არის მობილიზებული, რომ ოთხასი მილიონის ინვესტიცია განახორციელოს ანაკლიის პორტის პროექტში.

„მთავრობასა და ჩვენს შორის მიმდინარეობს კოორდინაცია,რომ შედგეს მეორე რაუნდი შეხვედრების. ეს არის 13 მაისის კვირაში. მთავრობას, ერთ-ერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებსა და ჩვენს შორის შედგა შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა და სურვილი, რომ ეს შეთანხმება შედგეს და ყველა წამოვიდეს კომპრომისზე, რათა სადავო 8 პუნქტზე შეთანხმდნენ. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის,რომ ჩავეტიოთ ვადაში,თუმცა ესეთი კომპლექსური მოლაპარაკებებისთვის კონკრეტული ვადების დათქმა არ იქნება უპრიანი. აუცილებელია, რომ ყველა მხარე ვიყოთ მობილურები, მოვეკიდოთ გაგებით იმ პროცესებს, რაც მიმდინარეობს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ უფრო სწრაფად და ეფექტურად შეიძლება გამართულიყო ეს პროცესი და ვფიქრობ, ახლა უკვე წინა კვირის შეხვედრისა და ქალბატონი მაიას ვიზიტის შემდეგ გაცილებით სწრაფად და ეფექტურად წარიმართება“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

ვადებთან დაკავშირებით ვიცე-პრემიერმა განმარტა, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ მთავარი ინვესტორია, რომლის ძირითადი დავალებაა დაფინანსების მოზიდვა და პორტის სამშენებლო სამუშაოების განხორციელება.

„ამ ძირითადი კითხვები არის ანაკლიის განვითარების კონსორციუმისკენ. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიას დასჭირდა სახელმწიფოს დახმარება თანხების მოზიდვის ნაწილშიც, ამიტომ იძულებული გავხდით, ჩვენ ამ პროცესში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მათ მოლაპარაკების პროცესში ჩავრთულიყავით. სხვა მხრივ მთლიანობაში ეს არის ვალდებულება, რომელიც კონსორციუმს აქვს არსებული ხელშეკრულებით და შესაბამისად, ამ ეტაპზე ვმუშაობთ იმისთვის, რომ გაიცეს სესხი, რის შემდეგაც კონსორიცუმს მიეცემა საშუალება, რომ დაიწყოს სამუშაო“,-დასძინა ცქიტიშვილმა.

დღეს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ადგილობრივი ხელისუფლებისა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ ხელმძღვანელებთან ერთად, პორტის ტერიტორია პირველად დაათვალიერა.




Print