ახალი ამბები
ზუგდიდში "ქართული ოცნების" შტაბთან აქცია დასრულდა (ვიდეო)
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბთან ბიზნესმენ მანანა მიქავას საპროტესტო აქცია დასრულდა. მიქავას თქმით, ის დროებით წყვეტენ აქციას, რადგან პროკურატურაში შეხვედრა აქვს დანიშნული. მანამდე, ის შტაბში შესვლას ითხოვდა, ხოლო მას შემდეგ, რაც მას დაცვამ კარი ჩაუკეტა, გარკვეული დროის განმავლობაში შენობის კარებთან დაჯდა და იქ შესვლა-გამოსვლის უფლებას არავის აძლევდა. მიქავა ამბობს, რომ  გულუას ყოფილი პარკის ტერიტორია, რაზეც სასამართლოში დავა ჯერ კიდევ გრძელდება, ტენდერია გამოცხადებული. მისივე მტკიცებით, ეს ტერიტორია არის მისი საკუთრება და ის მერიამ უკანონოდ მიითვისა.

ადგილზე სიტუაცია  „POSTV“-ის ჟურნალისტის გამოჩენა შემდეგ დაიძაბა. მას აქციის მონაწილეები მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც ჟურნალისტმა კითხვა დასვა, რამდენად კანონიერი იყო მისი მოთხოვნები.


ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელზეც მიქავა დაობს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა. მერიის იურისტის მადონა სახოკიას თქმით, მას მიწის ნაკვეთი აუქციონის წესით 2008 წელს გადაეცა, თუმცა პირობების შეუსრულებლობის გამო მას ხელშეკრულება 2017 წელს შეუწყდა.

„მანანა მიქავას 2008 წელს პრეზიდენტის განკარგულებით გადაეცა ნიკოლაძის #3-ში მდებარე მიწის ნაკვეთი. ეს იყო პირობიანი აუქციონის წესით მიღებული მიწის ნაკვეთი და იქ იყო გარკვეული ეტაპები, რომელიც მას უნდა შეესრულებინა. ამ ეტაპების შეუსრულებლობის გამო, საკრებულომ მიიღო გადაწყვეტილება შეწყვეტილიყო ხელშეკრულება მანანა მიქავასა და მუნიციპალიტეტს შორის. ამ პერიოდისათვის უკვე დაწყებულია დავა შპს "აკვაპარკსა" და მუნიციპიტეტს შორის. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, იმ პერიდისათვის, როდესაც მან ვალდებულებები არ შეასრულა, ის დაკავებული იყო. 2017 წელს შეწყდა ხელშეკრულება მასთან ოფიციალურად, მიწის ნაკვეთი გარკვეული პერიოდი სახელმწიფო საკუთრება იყო, ახლა მუნიციპალური საკუთრებაა“, - ამბობს იურისტი.


საუბარია ზუგდიდის ცენტრში, მდინარე ჩხოუშის ნაპირთან მდებარე 9 ათას კვადრატულ მეტრამდე ფართობზე, რომელიც მანანა მიქავას წინა ხელისუფლების დროს იჯარით 150 000 დოლარად გადაეცა. მას 4 მილიონიანი ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა ვალდებულებები გარკვეული მიზეზების გამო ვერ განახორციელა და ხელშეკრულება გაუუქმეს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიქავამ გაასაჩივრა, რის შემდეგაც ორივე ინსტანციის სასამართლომ, ბიზნესმენის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და საკრებულოს დაავალა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემა. მოგვიანებით, მერიამ მას ორთვიანი ვადა მისცა, თუმცა ბიზნესმენმა ვალდებულებები ისევ ვერ შეასრულა. საბოლოოდ, აღნიშნული ტერიტორია ზუგდიდის მერიის ბალანსზე რჩება. 

ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომელთან დაკავშირებითაც ზუგდიდის ყოფილ მერსა და მის მოადგილეს გამოძიება ქრთამის აღებას ედავება.

ამავე თემაზე:

აქციის მონაწილეები POSTV-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)
Print