პოლიტიკა
ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე დარღვევებზე საუბრობს: საოლქო გაყალბების დაკვეთას ასრულებს (ვიდეო)
გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის მათი მხრიდან საოლქო საარჩევნო კომისიაში 70 საჩივარია შესული. ბეჟაშვილის მტკიცებით, არცერთი მათგანი კომისიას არ განუხილავს, რაც, მისივე თქმით, გაყალბების დაკვეთის შესრულებაა. ბეჟაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ უმეტესად, ყველა საარჩევნო უბანი სამუშაო დროს დაკეტილია ან დარღვევებით მუშაობს. 

„85- ე საარჩვნო უბანზე გამოკრულ ამომრჩველთა სიაში საჯარო მოხელეები მონიშნულია წერტილით, ასევე, არაა უზრუნევლყოფელი შესაბამისი დოკუმენტაციის დალუქულობა და ფარულობა, მე-15 უბანზე, საარჩევნო სუბიექტის 41-ის სააგიტაციო მასალაა განთავსებული, ივანიშვილის გაზეთი და ასევე, ენმ-ის საწინააღმდეგო გაზეთები, ასევე, საუბნო საარჩევნო კამპანიის წევრები აქტიურად აზიარებენ სურათებს „ქართული ოცნების“ კანდიდატის, არიან ჩართულები საარჩენო კამპანიაში და ასე შემდეგ. მე-8 უბანზე კომისიის დამოუკიდებელი წევრები აკეთებენ იმავეს, ახორციელებენ პროპაგანდას, 5-ე უბანზე თავმჯდომარის მოადგილე ეწევა აგიტაციას, 82-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარის სახლში კი „ქართული ოცნების“ შტაბია განთავსებული. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისია არ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას, უბნებია მიტოვებული, დაკეტილი, თავმჯდომარეები და მოადგილეები არ იღებენ ჩვენგან დოკუმენტაციას. ფაქტობრიბვად, მოქალაქეებს და პარტიებს არ ეძლევათ საქმიანობის საშუალება ამ კუთხით“, - აღნიშნა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული დარღვევების გამოვლენა პრევენციას ისახავს მიზნად. ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს ვიდეო მასალაც წარუდგინა, რომელიც, ოპოზიციის ინფორმაციით, აღნიშნულ დარღვევებს ასახავს.

რადიო „ათინათი“ საოლქო საარჩევნო კომისიის კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

Print