პოლიტიკა
რულოვსი შენგელიას გამოწვევას პასუხობს და დებატებს განმუხურის ამფითეატრში სთავაზობს
გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სანდრა რულოვსი გიორგი შენგელიას გამოწვევას პასუხობს, რითაც მან კონკურენტს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დებატებისკენ მოუწოდა. რულოვსის განცხადებით, დებატებზე თანახმაა, თუმცა არა ტელევიზიაში, არამედ ღია სივრცეში, კონკრეტულად კი განმუხურის ამფითეატრში. შესაბამისი მიმართვა მან ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

„ჩვენ ივანიშვილის ხელისუფლებასთან სალაპარაკო არ გვაქვს, ხელისუფლებასთან, რომელმაც მთელი ქვეყანა გააღატაკა. ჩვენ ვესაუბრებით ხალხს - პრობლემებზე და გამოსავლის გზებზე. ამიტომ, „ოცნების“ კანდიდატს ვთავაზობ ღია საუბარს ხალხთან - ღია სივრცეში და არა ივანიშვილის მიერ მართულ ტელევიზიებში. აქ, განმუხურის გაჩერებულ ამფითეატრში, სადაც დისკუსიაში ჩვენთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას ზუგდიდელები, გამოთქვამენ თავის წუხილებს და, სადაც ყველა ტელევიზიას ექნება დასწრების და გაშუქების თანაბარი შესაძლებლობა“, - ამბობს სანდრა რულოვსი.

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა გიორგი შენგელიამ 7 მაისს, ტელეკომპანია ,,იმედის“ პირდაპირ ეთერში, თოქ-შოუში ,,პირისპირ“ განაცხადა, რომ სანდრა რულოვსს დებატებისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში იწვევდა.

,,ჩვენი ოპონენტები ხშირად აპელირებენ სხვადასხვა საკითხზე - მე მინდა დღესვე პირდაპირ ეთერში მოვიწვიო ქალბატონ სანდრა რულოვსი დებატეში ,,საზოგადოებრივი მაუწყებლზე“, სადაც შეგვეძლება ყველა ამ საკითხზე პირისპირ ვისაუბროთ პირდაპირ ეთერში. გავხდეთ ხალხისთვის თვალსაჩინო, რადგან ზუგდიდელი ხალხი იმსახურებს მეტ კომუნიკაციას“ - განაცხადა მერობის კანდიდატმა.



Print