არჩევნები
მირანდა მესხი: ყველა საჩივარი, რომელიც საოლქოშია შემოსული, კანონიერ ვადებში განიხილება
ზუგდიდის #67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი აცხადებს, ამ დროისათვის შესული 65 საჩივარის უმრავლესობა ხელმძღვანელი პირების უბნებზე არყოფნას ეხება. მესხის განმარტებით, მათ მოვალეობებს ადგილზე კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილი წევრები ასრულებენ. მისი თქმით, საჩივრები არ შემოსულა გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელთა თანახმად, 85 - ე საარჩევნო უბანზე გამოკრულ ამომრჩეველთა სიაში საჯარო მოხელეები მონიშნულია წერტილით და კომისიის დამოუკიდებელი წევრები აგიტაციაში იღებენ მონაწილეობას. თუმცა, ამასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყება.

“ამ ეტაპისთვის შემოსულია 65 საჩივარი, აქედან 55-მდე საჩივარი ეხება ხელმძღვანელი პირების, თავმჯდომარეების, მათი მოადგილეების და მდივნების არყოფნას უბნებზე. შესაბამისად, იქ პასუხისმგებელი პირი არის მორიგე კომისიის წევრი, რომელსაც თავმჯდომარის დავალებით, მინიჭებული აქვს უფლებამოსილება. რაც შეეხება სამ საჩივარს, ამაზე მიმდინარეობს მოკვლევა, ეს ეხება ფეისბუქ გვერდზე გაზიარებებს. მერწმუნეთ, რომ, ყველა საჩივარი დადგენილ ვადებში იქნება განხილული.  სიების მონიშვნასთან დაკავშირებით საჩივარი არ შემოსულა ამ ეტაპისთვის, თუმცა გავაკეთებ მოკვლევას და სამართლებრივი რეაგირება მოხდება მას შემდეგ. ვერც ერთი კომისიის პირად სივრცეს და ფეისბუქ გვერდს  ვერ გავაკონტროლებ. არ არის საჩივარი შემოსული იმასთან დაკავშირებით,  ესწრებიან თუ არა წინასაარჩევნო შეხვედრებს ოლქიდან არჩეული კომისიის წევრები“, - განაცხადა მესხმა.

რაც შეეხება, ავტოფარეხს, სადაც საუბნო კომისიაა განთავსებული, მირანდა მესხი აცხადებს რომ მათ აღნიშნული ობიექტი ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადასცა. მისივე მტკიცებით, არჩევნების დღეს დაილუქება ყველა კარი გარდა ერთისა, რომლითაც ისარგებლებენ ამომრჩევლები.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რომ ამ დროისთვის,მათი მხრიდან საოლქო საარჩევნო კომისიაში 70 საჩივარია შესული. მისი მტკიცებით, არცერთი მათგანი კომისიას არ განუხილავს, რაც გაყალბების დაკვეთის შესრულებაა. ბეჟაშვილი საოლქო საარჩევნო კომისიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ უმეტესად, ყველა საარჩევნო უბანი სამუშაო დროს დაკეტილია ან დარღვევებით მუშაობს. 

ამავე თემაზე:
ოპოზიცია საარჩევნო უბნებზე დარღვევებზე საუბრობს: საოლქო გაყალბების დაკვეთას ასრულებს (ვიდეო)
Print