ოსურმა მხარემ, 5 დღის წინ სოფელ ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული გურამ გიგინეიშვილი გაანთავისუფლა. ოსურმა მხარემ ასევე ქართულ მხარეს გადმოსცა ის სატვირთო ავტომანქანაც , რომელიც შეიარაღებულმა პირებმა ბერშუეთის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტაცეს.
გათავისუფლებულ გურამ გიგინეიშვილს, რომელიც ლანჩხუთის რაიონიდან არის და ბერშუეთში, ხოდელების ოჯახში სტუმრად იმყოფებოდა კომენტარი არ გაუკეთებია.
გიგინეიშვილის მასპინძელი ხოდელების ოჯახი არ აკონკრეტებს, გადაიხდის თუ არა ლანჩხუთელი სტუმრის გათავისუფლების სანაცვლოდ ე.წ.სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებულ 2000 რუბლიან ჯარიმას. თუმცა, გია ხოდელი აღნიშნავს, რომ მისი ახლობელი გიგინეიშვილი, რომელიც გათავისუფლების შემდეგ აღნიშნული "ზილით" მოძრაობდა, საპატრულო პოლიციამ გააჩერა და 400 ლარით დააჯარიმა. როგორც ირკვევა, ოსური მხარის მიერ დაკავებული გიგინეიშვილი მართვის მოწმობას არ ფლობს, რის გამოც, 200 ლარიანი ჯარიმის გადახდა მას მოუწევს, 200 ლარის კი - სატვირთო ავტომანქანის პატრონს.
გურამ გიგინეიშვილმა შიდა ქართლი უკვე დატოვა.
მასალის გამოყენების პირობები