ახალი ამბები
ლევან დავითაშვილი: ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თვლის, რომ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობა მნიშვნელოვანია და საკარმიდამო ნაკვეთების დაცვაში პასუხისმგებლობა ყველას თანაბრად ეკისრება. დავითაშვილმა აგრობიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ ეტაპზე მავნებელთან ბრძოლა მსოფლიოში მიღებული გამოცდილებითა და პრაქტიკით ხორციელდება.

„ჩვენ ვიყენებთ ყველა იმ გამოცდილებას, რაც დაგვიგროვდა ამ ხნის განმავლობაში, რასაც ვამატებთ იმ გამოცდილებას, რომელიც აქვთ წამყვან მეცნიერებს ფაროსანასთან ბრძოლის კუთხით მთელი მსოფლიოს მაშტაბით. ჩვენ ვიყენებთ იმ აპრობირებულ პრეპარატებს, რაც არის ყველაზე ეფექტური და ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებულია. ეს არის მსოფლიო გამოცდილება. ეს პირველი წელი არ არის, თუმცა ჩვენ ყოველ წელს გარკვეული გაუმჯობესება გვაქვს პრაქტიკაში. სტრატეგიული მიმართულება ძირითათად არის ის, რაც ეფუძნება საერთაშორისო გამოცდილებას. ჩვენ ღონისძიებებში ყოველ წელს არსებობს გაუმჯობესებები , მათ შორის, ბრძოლის ნაწილში იზრდება შესაძლებლობები. გვაქვს ყველა ის ტექნიკური შესაძლებლობა,რაც ბრძოლისთვის არის საჭირო. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა, იმიტომ, რომ ჩვენ ვახორციელებთ ღონისძიებებს პოპულაციის შემცირებაზე, მაგრამ თითოეული საკარმიდამო ნაკვეთის დაცვა არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ამიტომ, მოსახლეობის ძალისხმევის გაერთიანება არის უმნიშვნელოვანესი“, - განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრმა დღეს ზუგდიდში ორდიანი აგრო-ბიზნეს ფორუმი გახსნა.


Print