ახალი ამბები
მამუკა ბახტაძე: „ქართული ოცნების“ შტაბში ზუგდიდის განვითარების ახალ ხედვებზე ვისაუბრეთ
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ზუგდიდის „ქართული ოცნების“ შტაბში იმყოფებოდა. მისი ინფორმაციით, შტაბში ზუგდიდში დაანონსებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს და მისი ვიზიტი არჩევნებს არ უკავშირდება.
"მე რეგიონებში ხშირად დავდივარ. რეგიონალური განვითარება არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. ყოველთვის ძალიან სასიხარულოა ზუგდიდში ჩამოსვლა. იცით, რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ფორუმი გაიმართა. არ შეიძლება ყველაფრის დაკავშირება არჩევნებთან. ჩვენ გვქონდა ადრეც საუბარი ჩვენს გუნდთან. იცით, რომ ზუგდიდში მნიშვნელოვანი პროექტები დაავაანონსეთ, გვაქვს ასევე ახალი ხედვები ,რაც უკავშირდება ამ ლამაზი კუთხის განვითარებას. „ქართული ოცნების“ შტაბში საუბარი სწორედ ამაზე გვქონდა",- განაცხადა ბახტაძემ.

მმართველი გუნდის შტაბის ხელმძღვანელისა და პრემიერის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, შტაბში ზუგდიდის განვითარების შესახებ ხედვებზე ისაუბრეს.

„იყო საუბარი იმაზე, თუ როგორ ვხედავთ მომავალში ზუგდიდის განვითარებას და რა პირობებში ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი სიკეთის გაკეთებას ჩვენი ქალაქისთვის. ამის წინაპირობა არის ის, რომ გიორგი შენგელია გახდება ზუგდიდის მერი“, - უთხრა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ჩიქოვანმა.

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში შეხვედრას გუბერნატორი და პარლამენტის მაჟორიტარები დაესწრნენ. მათ შენობა უკვე დატოვეს.


მანამდე, ისინი დადიანების სასახლის ეზოში გამართულ აგრო-ბიზნეს ფორუმს დაესწრნენ.


Print